შიდა ქართლის ღირსშესანიშნაობები

გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. . I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.



უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით 10 კილომეტრის მანძილზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. ფართობი 9,5 ჰა.
უფლისციხე შედგება სამი უბნისაგან და შეიცავს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისთვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს. უფლისციხის კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდეზოიანი და ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, მოხატულოთახიანი სახლი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. (ცალკეული ოთახების, დარბაზებისა და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია).
უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში გვხდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა: „აშურიანს ზეით არს ულისციხე, კვერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკუარის კიდესა, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისადმე, აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო კლდისაგან გამოკუეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს. აქა... გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშკრებულნი, ნიშვნენ ნისნობად და უწოდებენ უფლისციხეს“.
უფლისციხის მრავალსაუკუნოვან ისტორიის ძირითადი ეტაპები გაირკვა არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად. ძეგლზე ჩატარებული კვლევის და განათხარი მასალები ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. არქეოლოგიური კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა მისი რთული ცხოვრების ზოგადი ისტორიის გარკვევა, თავდაპირველი მშენებლობის დროის, არქიტექტურის დადგენა, მისი შემდგომი აღდგენისა და მრავალრიცხოვანი გვიანდელი გადაკეთებათა სამშენებლო ფენების გამოყოფა. მოპოვებული მასალები მოგვითხრობს უფლისციხელთა კავშირზე ურარტუს, ირანის, სომხეთის, მცირე აზიისა და ბერძნულ-რომაული სამყაროს სხვა რეგიონების კულტურულ ცენტრებთან.
ძვ. წ. II და I ათასწლეულის მიჯნაზე უფლისციხის მიდამოების დაბათა ერთ-ერთ ძლიერ თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია, გაუმართავს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ადრინდელ რკინის ხანაში (ძვ. წ. X-VI სს.) უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე („უფლის“, „ბელადის“ ციხე-ქალაქი).
უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო.
ძვ. წ. III-I საუკუნეებში უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომოკურ ურთიერთობაში.
ახ. წ. I-III საუკუნეებში კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნის 30-იან წლებში) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისაგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო.
IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დაიცალა მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.
ნაქალაქარში შემორჩენილია სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ცალკეული ნაგებობები.
ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამორჩევა დიდი ზომებით, გეგმარებისა და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით, მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით. კლდე რკინის იარაღით არის ნაკვეთი. ანტიკური ხანის ოსტატების კლდის ზედაპირს განსაკუთრებული გულმოდგინებით ამუშავებდნენ და ამიტომაც მას იარაღის კვალი არ ეტყობა. ფეოდალური ხანის დარბაზები შედარებით დაუდევრად არის გამოკვეთილი. მათ აშკარად ეტყობათ დამუშავებისა და საკვეთი იარაღის კვალი.
უფლისციხეში, გარდა კლდეში ნაკვეთი დარბაზებისა, შემორჩენილია ჩვეულებრივი წესით ნაშენ ნაგებობათა ნაშთებიც. მათ შორის ანტიკური ხანის შენობები ნაგებია კარგად გათლილი და დამუშავებული კირქვის მოზრდილი კვადრატებით. წყობა მშრალია. კვადრები ერთმანეთთან დაკავშირებულია მერცხლის კუდის ფორმის ფოსოებში ჩასმული ლითონის სოლებით. ფეოდალური ხანის ნაგებობათა უმეტესობა ნატეხი ქვით არის ნაგები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგურისა და ალიზის შენობებიც.
კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარგად იცავდა მაღალი ციცაბო ქარაფი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან - კლდეში ამოკაფული თხრილი (სიღრმე დაახლოებით 10 მ, სიგრძე 10-15 მ). თხრილი მიღებულია ბუნებრივი ღრმულების ხელოვნურად გაფართოების შედეგად. მისი ნაპირები ძლიერ დამრეცია. თხრილის შიდა კიდეს გასდევს მაღალი და განიერი (სიგრძე 3-4 მ) ზღუდე, რომელშიაც მრავალსართულიანი, კრამიტით გადახურული კოშკია ჩაშენებული. ზღუდეც და კოშკიც ძლიერ დაზიანებულია.
ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. მათგან ჩრდილოეთით მდებარე მთავარი შესასვლელი ანუ „დიდი კლდეკარი“ („კლდი ორღობე“) წარმოადგენს კლდეში ამოკაფულ თავგახსნილ გვირაბს (სიგრძე 150 მ, სიგანე 2,5 მ, სიმაღლე ზოგან 10 მ-მდე). თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით. აქ გადიოდა ის უძველესი სავაჭრო-სატრანსპორტო ტრასა, რომელიც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაქალაქევში გზას მთელ სიგრძეზე დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. ქალაქის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უფლისციხის „მცირე კლდეკარი“. იგი მთლიანად კლდეშია ჩაკვეთილი (სიგრძე 60 მ, სიგრძე 1,5 მ) და წარმოადგენს შიდა ქალაქის ძირითად შესასვლელს. ქალაქს ჰქონდა საიდუმლო შესასვლელიც - სამხრეთით მდებარე გვირაბი (დიამეტრი 3 მ), რომელიც მტკვრის ნაპირზე გადის. 

ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში,მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე.სამთავისის ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (25X18 ; სიმაღლე 37 ). ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი მოყვითალო და მონაცისფრო-მომწვანო კვადრებით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (სამხრეთის შესასვლელი XIX საუკუნის შეკეთებისას ამოუშენებიათ). ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, ნაგებობის ცენტრალურ ნაწილშია ღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი. ისინი ქმნიან ტაძრის შიდა სივრცის მაორგანიზებელ გუმბათქვეშა კვადრატს, რომლის ოთხივე მხარეს განლაგებულია ტაძრის მკლავები. ტაძრის შინაგანი სივრცე ერთ მთლიანობაში აღიქმება. ჩრდილოეთ-დასავლეთის გუმბათქვეშა ოთხწახნაგოვანი პილონი დანარჩენ სამ რვაწახნაგოვან პილონთან შედარებით არაპროპორციული, მოღრეცილი და ბევრად მსხვილია.გუმბათქვეშა ბურჯი ნახევარწრიული თაღებითაა შეკრული. თაღების ქუსლების შესაყართან წარმოქმნილ სამკუთხედებში ამოყვანილია აფრები, რომელთა საშუალებით კვადრატი წრეზე გადადის. ამ კონსტრუქციაზე დამყარებულია გუმბათის საკმაოდ მაღალი ყელი, რომელიც 13 წახნაგისაგან შედგება. ტაძრის აღმოსავლეთის მკლავი ბოლოვდება ნახევარწრუიული აფსიდით. აფსიდში სამი სარკმელია. ორი სარკმელი დასავლეთის მკლავში, თითო - სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში. გუმბათში შვიდი სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული სამკვეთლო და სადიაკვნე. ისინი დასავლეთით გასასვლელებით უკავშირდებიან ტაძრის შიდა სივრცეს. სამკვეთლოს და სადიაკვნეს მცირე ზომის ორ-ორი სარკმელი აქვთ. ამ სათავსების თავზე თითო იმავე ზომის პატრონიკეა.

No comments:

Post a Comment